„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში კარვები დაამატეს

„რიონის ხეობის მცველებმა“ გადაწყვიტეს თავად გააკონტროლონ, ასრულებს თუ არა თურქული კომპანია Enka ჰესის მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პირობებს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში კარვები დამატებით კიდევ ორ ადგილზე გაშალეს.

Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

პროტესტის სათავეში დგას „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი, რომელიც საზოგადოებაში სულ უფრო პოპულარული ხდება.

„გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე არსებული კარვების ქალაქის გარდა, კარვები დაიდგა სოფელ გუმათში მდებარე კომპანია Enka-ს ოფისის წინ, ასევე სოფელ ტვიშში, სადაც განთქმული ჯიშის ყურძენი ხარობს.

როგორც „რიონის ხეობის მცველებმა“ ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი კარვებს სხვადასხვა ლოკაციაზე დგამენ, რათა აკონტროლონ პროექტის კონტრაქტორი კომპანია Enka, რომელიც, მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოებს მაინც აგრძელებს.

„რიონის ხეობის მცველები“ რეგიონების მოსახლეობას მოუწოდებენ, თბილისში აქციას შეუერთდნენ

„შაბათს გვქონდა აქცია რაჭაში, საიდანაც ვბრუნდებოდით გუმათის მიმართულებით. გზად ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა გვირაბის მშენებლობის სამუშაოები. პრაქტიკულად ყველამ დარეკა გარემოს დაცვის სამსახურში და ვითხოვდით აეხსნათ, იყო თუ არა სამუშაოები კანონიერი. შემდეგ დავტოვეთ ტერიტორია იმ პირობით, რომ ორშაბათს ჩამოვიდოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ვითარებას, თუმცა ესეც აღმოჩნდა ცრუ დაპირება. ამიტომ გადავწყვიტეთ ვაკონტროლოთ ხეობის ყველა შესასვლელი და უკანონო სამუშაო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ხეობაში”, – განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მირზა ნოზაძემ.

ოთხშაბათს „ნამახვანჰესის“ მშენებლობით დაკავებული თურქული კომპანია Enka-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადეს, რათა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი გასცენ.

პარალელურად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. „რიონის ხეობის მცველები“ 23 მაისს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებიან და ხალხის მობილიზებას ცდილობენ.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.