თბილისი, 13 მაისი – Sputnik. პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, რომლის სახელიც არის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე გახდა, თავმჯდომარის მოადგილე - სალომე სამადაშვილი. წევრები: მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი.
„ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მართალია, მათ საპარლამენტო ფრაქციას დღეს შვიდი წევრი ჰყავს, მაგრამ ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
„ვფიქრობ, რომ ეს ფრაქცია აუცილებლად იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ამ პარლამენტის მუშაობის პერიოდში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
პარლამენტში საკუთრივ „ლელოს" ოთხი დეპუტატი ჰყავს. რაც შეეხება ახალი ფრაქციის დანარჩენ წევრებს, ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად გუშინ დატოვა. საკანონმდებლო ორგანოში ის სწორედ ამ პარტიის სიით გავიდა. არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე პარლამენტში „ევროპული საქართველოს" პარტიული სიით მოხვდნენ.
ოპოზიციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ამ დრომდე მისი ნაწილი პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში რჩება. თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის „ლელოს" წევრებმა, ხელი მოაწერა კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგა.