კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება გრძელდება

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში ჯამში დარეგისტრირებულია 3 ათასამდე პირი, რომლის წინაშე სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალდებულება.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 კომპანიაა ჩართული, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცა>>

მისი თქმით, აღნიშნული კომპანიებიდან ექვსს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო ათ პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურები გრძელდება.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დაკმაყოფილება იყო. თბილისში ჯამში დარეგისტრირებულია 3 ათასამდე პირი, რომლის წინაშე სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალდებულება. ეს პრობლემა დედაქალაქში ათეული წლებია არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ნაკვეთების მოძიებაზე მუშაობა გრძელდება იმისთვის, რათა დანარჩენ დაზარალებულებს მსგავსი მოდელით გადაეცეთ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 55 ოჯახს დაუკანონა

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის მეშვეობითაც 3 ათასამდე ოჯახს საკუთარი ბინის მიღების შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიმდინარე წლის იანვრისთვის თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასამდე ოჯახიდან ნახევარი დააკმაყოფილა.

ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.

ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად უკანონებს.