თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 13 მაისიდან სკოლები მუშაობას განაახლებენ, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სკოლებმა ფუნქციონირება 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღგდომო დღესასწაულებთან დაკავშირებით შეწყვიტეს, 3 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით კი ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა, ხოლო 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის დღეა. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სკოლები, საბავშვო ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები არ მუშაობდნენ.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლაში დაბრუნების წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ტესტირება, შენობებს კი დეზინფექცია ჩაუტარდა. პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.
„კოვიდ-ინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, ასევე გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.
ამასთან, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა, სურვილის შემთხვევაში კი მშობელმა უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე – https://online.emis.ge
ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.