სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარს, რომელიც პლასტმასის ნივთების საწყობში გაჩნდა, 13  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩნდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება.

სამგორში ძლიერი ხანძარია

ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.

„მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.