თბილისი, 12 მაისი – Sputnik. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიკრობიზნესისა და ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა, ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
ახალი დოკუმენტი „დახმარება და აღდგენა“ მთელ ქვეყანაში 6 ათასზე მეტ კომპანიას დაეხმარება, გაზრდის საწარმოების გადარჩენის შანსს, ხელს შეუწყობს საწარმოო აქტივების შეანრჩუნებასა და კომპანიებს ეკონომიკის ახალი გამოწვევებთან ადაპტაციაში დაეხმარება.
„დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ სტაბილური აღდგენის მიმართულებით“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ინიციატივას მიესალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
„გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ, მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე, როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერის პროგრამების გაფართოება. მიკრო და მცირე კომპანიები ფულს გრანტის სახით მიიღებენ.
„მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს წარმოადგენს კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის გაძლიერების წინაპირობას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ციფრული ფინანსური მომსახურების გამოყენების გაფართოებას საქართველოში.