ფოთში ექთანი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მორიგე ექთანს COVID-19 მეორედ 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ირმა თოფურიას COVID-19 მეორედ 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.

COVID-19 საქართველოში – 12 მაისის მონაცემები

ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, ფოთის საავადმყოფოში გააგრძელა მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. გადავიყვანეთ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ათი დღე მკურნალობდა. დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა კესო გელენიძემ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 27 ადამიანი. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.363-ს მიაღწია.