თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ძმებმა არველაძეებმა ჩინური წარმოების პრეპარატით აცრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთეს.
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძემ კორონავირუსი 2020 წლის შემოდგომაზე დაამარცხა – მას ინფექცია 23 სექტემბერს დაუდგინდა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 67.136 ადამიანი.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები. ქვეყანამ ჩინური პრეპარატის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.