„ყველაფრის ერთბაშად გახსნა არ შეიძლება“ – ეპიდემიოლოგების მოსაზრება

სახმელეთო საზღვრების გახსნის თემა, სავარაუდოდ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სპეციალისტები საქართველოს სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხზე მსჯელობენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში უქმეები მთავრდება: მუნიციპალური ტრანსპორტი 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს

გამყრელიძის თქმით, სახმელეთო საზღვრების გახსნა ქვეყნისთვის დიდი რისკია. „მათი რიცხვი, ვინც სახმელეთო საზღვარს კვეთს, გაცილებით მეტია, განსაკუთრებით, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შექმნილი ეპიდვითარება როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში. ყველაფრის ერთბაშად გახსნა არ შეიძლება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო სახმელეთო საზღვრების გახსნას ვაქცინაციის მაღალი ტემპის ფონზე შეძლებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

საქართველომ 1 თებერვლიდან საჰაერო საზღვრები გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.

საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი და განმეორებითი ანალიზი უნდა გაიკეთონ ჩამოსვლიდან მესამე დღეს.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩამოსვლა თავისუფალია, თუ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ.