თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ სტარტაპ Pulsar AI-ს საერთაშორისო არენაზე წარმატება მიულოცა.
კომპანია Pulsar AI, რომელიც ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობს, ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მათი სპეციალისტების წყალობით ქართული ვებ-გვერდების ჩატ-ბოტები ქართულად „ამეტყველდნენ“. 2018 წელს Pulsar-მა „თიბისი ბანკიდან“ გადახდის ინოვაციური მეთოდისთვის საერთაშორისო პრემია მოიგო. Pulsar-ის ხმოვანი ტექნოლოგია ასევე „თიბისი ბანკის“ მობილურ ბანკში გამოიყენება, რომელიც 2019 წელს საუკეთესოდ აღიარეს.
როგორც ღარიბაშვილი წერს, Pulsar AI შეიძინა ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა – ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების მსოფლიო ლიდერმა.
„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ! ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!“ – დაწერა ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
პრემიერმა სტარტაპის მთელ გუნდს წარმატებული გარღვევა მიულოცა.