თბილისი, 10 მაისი - Spuntik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
კერძოდ, ძლიერმა ქარმა სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც. ქარმა პრობლემები შექმნა აგრეთვე სოფლებში ბასილეთში, გუთურსა და ბუკნარში.
„გამოდარებისთანავე მოხდება სკოლის სახურავის შეკეთება, მუნიციპალიტეტი ასევე შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს. მოხდება ზარალის აღწერა“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარი და ნალექი გურიაში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.
სტიქიამ გუშინ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ასევე თეთრიწყაროს რაიონსა და ატენის ხეობაში.