თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკის მონეტარული სტიმულირება ბაზრების გადატვირთვას და „გადახურებას“ გამოიწვევს (სიტუაცია, რა დროსაც ფასების ინტენსიური ცვლა არაა გამყარებული არავითარი ობიექტური ფაქტორებით), შედეგად კი გარდაუვალი იქნება ახალი ეკონომიკური კრიზისი 2025 წელს, ნათქვამია მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მოხსენებაში, რომლის ძირითად დებულებებს გამოცემა „იზვესტია“ აქვეყნებს.
მოხსენების თანახმად, საბაზო, შესაბამისად, მეტად მოსალოდნელი სცენარი ასეთია: პანდემია სრულდება 2021 წლის შუა პერიოდისთვის, მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპები შეადგენს წელიწადში 4%-ს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი კი 82-85 დოლარს აღწევს - მაგრამ ათწლეულის ბოლოს.
მეორე სცენარით, პანდემია გრძელდება 2022 წლის შუა პერიოდამდე, მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპი წელიწადში 2-3%-ს აღწევს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი კი მცირდება 50-55 დოლარამდე ათწლეულის პირველ ნახევარში და იზრდება 65 დოლარამდე 2030 წლის დასაწყისისთვის.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ორივე ვარიანტი მოიცავს ციკლურ ვარდნას 20-იანი წლების შუა პერიოდისთვის, თუმცა, პირველი სცენარის მიხედვით, ეს იქნება ბაზრების „გადახურების“ შედეგი, მეორის მიხედვით კი – ვალებით გამოწვეული კრიზისის გაგრძელება, კერძოდ, სამხრეთ ევროპულ ქვეყნებსა და თურქეთში, სადაც ეპიდემია შეიძლება გახანგრძლივდეს.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ 2025 წელს მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპი 1-2%-მდე შემცირდება.