ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

ეჭვმიტანილი დაკავებულია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მკვლელობა ლანჩხუთში – ტყეში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 40 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.