„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლების მიტინგი პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანის ქუჩაზე ჩატარდა.
მონაწილეებს თან ჰქონდათ წითელი დღოშები, სტალინის პორტრეტები და ბანერები წარწერებით: „სტალინი! გამარჯვება! სოციალიზმი!“, „მოვითხოვთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან“. აქციაზე შეიკრიბნენ კომპარტიის მომხრეები სხვადასხვა რეგიონებიდან.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, უარი თქვას ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი უნდა მოეწყოს.
პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ მემორიალი მიეძღვნება ყველა იმ მეომარს, ვინც 1921 წელს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტიდან ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა.
დემონსტრანტების აზრით, ამ ძეგლის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან აღმართვა დაუშვებელია.
საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - პოლიტოლოგ თემურ ფიფიას თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა შესაძლოა ქვეყნის ისტორიის გადაწერის სურვილს ემსახურებოდეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ისტორიის გადასაწერად კეთდება. ეს სრული უპატივცემულობაა 300 ათასი ქართველი წითელარმიელისადმი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ბრძოლის ველზე დაეცნენ“, - განაცხადა თემურ ფიფიამ Sputnik-საქართველოსთან საუბარში.
მომიტინგეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს იდეაზე უარის თქმის მოთხოვნით წერილი მიწერეს. ორშაბათს მსგავს წერილს სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.