ირბინე მსოფლიოსთან ერთად! - საქართველოში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

წელს გარბენი სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა: თბილისში ლისის და კუს ტბებზე, დიღმის ტყე-პარკში, „დინამო-არენაზე“, ასევე ბათუმის ბულვარში და ჯანდარის ტბასთან
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run 2021 დღეს საქართველოშიც გაიმართა.

„ირბინე მსოფლიოსთან ერთად! შეუერთდი გლობალურ მოვლენას!“ - ამ სლოგანით გაიმართა დღეს ეს სპორტული ღონისძიება, რომელიც ექვს კონტინენტს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს – გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.

საქველმოქმედო მარათონში, ჩვეულებრივ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანი იყო (8 ევრო), ტრადიციულად, შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხა.

საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო

ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ 18 წელს ზევით სპორტსმენები, მოყვარულები, ეტლით მოსარგებლეები – როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.

საქართველოში გარბენში 180-მდე მონაწილე დარეგისტრირდა და რამდენიმე ლოკაციაზე ირბინეს, რომლებიც თავადვე შეარჩიეს.

ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე მსოფლიო რბენაში 2015 წლიდან მონაწილეობს. მისი გუნდის, Ninikushka’s team-ს წევრებმა კუს ტბის ბილიკებზე ირბინეს, მათ შორის – მომღერალმა და პირველი არხის გადაცემა „ახალი დღის“ ტელეწამყვანმა ელენე კალანდაძემ და მორაგბემ, სოსო მათიაშვილმა. გიორგი დანელიას გუნდმა GD Squad-მა ლოკაციად „დინამო არენა“ შეარჩია, სადაც მის გუნდს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი შეუერთდა. გიგა ძულიაშვილის და 2019 წლის კახეთის რბენის გამარჯვებულის, გაიანე უსტიანის გუნდმა Georgia-Rustavi-Jandari Lake ირბინა რუსთავში, ჯანდარის ტბის შორიახლოს.

მსოფლიო რბენის სხვა კეთილი ნების ელჩებმა ინდივიდუალური გარბენისთვის შემდეგი ლოკაცია შეარჩიეს: მოცურავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ბიატლსა და ტრიატლში ჰენრი კუპრაშვილმა – ლისის ტბა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა მირიან ჯეჯელავამ – დიღმის ტყე-პარკი, წიგნის გამომცემელმა და გადაცემა „ბიბლიოთეკის“ წამყვანმა მარი კორინთელმა – ბათუმის ბულვარი.

აზიის განვითარების ბანკი ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობას აფინანსებს

Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

2014 წლიდან გარბენი კახეთში ტარდებოდა. შარშან საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run, რომელიც 3 მაისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გაუქმდა.