ძლიერი ქარი თბილისში: სტიქიამ რამდენიმე უბანი დააზარალა

ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში ძირითადად ხეებისა და ტოტების მტვრევა გამოიწვია. სტიქიამ ასევე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორი ამინდი გველოდება საქართველოში უახლოეს დღეებში

გარდა ამისა, ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა.

ადგილზე იმყოფებოდა ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. მისი განცხადებით, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, ასევე მცირედით დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი.

„შემთხვევა გამოიწვია ძლიერმა ქარმა, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წუთი. სამწუხაროდ გვაქვს რამდენიმე წაქცეული ხე რაიონში. ჩვენი ყველა სამსახური მობილიზებულია და უახლოეს წუთებში მოხდება ლოკალიზება. საბედნიეროდ არავინ არ არის დაშავებული“, - განაცხადა კვინიკაძემ.

თბილისში ძლიერი ქარია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ქვეყანაში ხვალაც შენარჩუნდება.