ცნობილია გეგმები გელათთან დაკავშირებით: კულტურის სამინისტრო განმარტავს

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას UNESCO-ს ექსპერტი შეისწავლის

მინისტრმა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მისი მოადგილეები კახა სიხარულიძე და იოსებ ბაღათურია.

„გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, სამინისტროს შექმნის შემდეგ, უკვე მეოთხე სხდომა გავმართეთ პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად და მივიღეთ ოთხი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი შეეხება იმ დოკუმენტების ნუსხასა და ინფორმაციას, რომელიც იუნესკოს იტალიელ ექსპერტს უნდა გავუგზავნოთ მანამ, სანამ ის ივნისში საქართველოს და გელათს ესტუმრება“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, სხვადასხვა ენებიდან უნდა ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური ლიტერატურა, ან ხელახლა გამოიცეს უკვე მოძველებული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ქართული წიგნები, რომლებიც არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის სახელმძღვანელოებად გამოდგება.

„ოსტატების რეესტრი“: კულტურის სამინისტროში განაცხადების მიღება იწყება

ამასთან სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს, შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.