რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთის ნაწილი შემოდგომაზე გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 

ავტობანის მშენებლობაზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებული ორასამდე ადამიანი გაიფიცა

ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია.  პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 37 ხიდის და 20 გვირაბის მშენებლობას.

ამ ეტაპზე 18 გვირაბისა და 27 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხევი–უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

„რიკოთის მაგისტრალის 2,5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს, შემოდგომაზე გაიხსნება. მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 96 ხიდიდან 67 ხიდზე და 53 გვირაბიდან 43 გვირაბზე, შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საუკუნის პროექტი
რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამ დროისთვის უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები. ხიდებზე დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი, რის შემდეგაც უკვე გზის საფარი მოეწყობა. 

საუკუნის პროექტი: რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა აქტიურად გრძელდება

გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).

საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.