Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებს ამ ვაქცინის გამოყენებას არ ურჩევს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, ამის შესახებ ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

„დღეს ჯანმომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაუდებელი გამოყენებისთვის რეკომენდებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმოს ექსპერტებმა ვაქცინის ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით მისი წარმოების ინსპექტირებაც ჩაატარეს.

„ყველა არსებული მონაცემის საფუძველზე ჯანმო აძლევს რეკომენდაციას – ვაქცინა გამოყენებულ იქნას 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, ორ-ორი დოზით 3-4 კვირის შუალედით. სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის და ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის ვაქცინის ეფექტიანობა ყველა გაერთიანებული ასაკობრივი ჯგუფისთვის 79%-ს შეადგენს“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ამავე დროს ჯანმო 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებს ამ ვაქცინის გამოყენებას არ ურჩევს, რადგან ჯერჯერობით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ჩინური ვაქცინის რამდენი დოზა იქნება ხელმისაწვდომი საქართველოსთვის

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი ჩინური ვაქცინის დამატებით 600 ათასი დოზა, საიდანაც 250 ათასი – ივნისში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. ამ დროისათვის აცრილია 55 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მეორე დოზა 9 ათასმა ადამიანმა მიიღო.