COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების სურვილი 76 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

ვაქცინაციისთვის შეთავაზებული შვიდი პრეპარატიდან მოქალაქეს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის შერჩევა შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეების უმეტესობა Pfizer-ის პრეპარატს ირჩევს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 76.781 ადამიანი.

რეგისტრირებულთა უმეტესობა ირჩევს Pfizer-ის (70.823) პრეპარატს, შემდეგ მოდიან Moderna (31.914), AstraZeneca (15.255), Johnson&Johnson (9.126), Sinopharm (8.607), Novavax (6.134) და Sinovac Biotech Co (1.239). 
ჩინური ვაქცინის რამდენი დოზა იქნება ხელმისაწვდომი საქართველოსთვის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მიზანია – ჯანდაცვის უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID-19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება. წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

5 მაისიდან დაიწყო აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის წევრების ვაქცინაცია. აცრა შეუძლიათ ასევე ტურისტულ და მასპინძლობის სექტორთან დაკავშირებულ პირებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს და კონტროლიორებს.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.