დაგროვებითი პენსიით საქართველოში დაახლოებით 800-მა ადამიანმა ისარგებლა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულია 1.145.808 ადამიანი. დღეისათვის დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი 148,8 მილიონი ლარია.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. დაგროვებული პენსიის მოცულობამ საქართველოში 1,4 მლრდ ლარი შეადგინა, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა დაახლოებით 800-მა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. 

5 მაისის მდგომარეობით, დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი 148,8 მილიონი ლარია.

შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი: გვენეტაძის განმარტება

საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში წლიურ ეფექტურ 11%-ში, აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% – სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და სქემას თვეში საშუალოდ 11 ათასზე მეტი ადამიანი ემატება.

ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ ჩართულია 1.145.808 ადამიანი.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის სავალდებულოა.

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება

24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.

ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.

დაგროვებული საპენსიო თანხის 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.