თბილისი, 6 მაისი – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან კორონავირუსზე აიცრებიან. უკვე არსებულ ჩამონათვალს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე gnta.ge.
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ის კომპანიები, რომელთა პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, კოვიდ-უსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა - 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.