თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება გამოცემა Daily Mail ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.
„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR-ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19-ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.
აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2-ის აფეთქების პირველივე დღეებიდან გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.
თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2-ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების აზრები ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19-ით.
პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID-19-ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.
ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც — გენ AR-ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.
პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.