სადაზღვევო კომპანიები კახეთში ზარალის დათვლას ამთავრებენ

უამინდობამ კახეთის რეგიონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა – რეგიონში მოსულმა სეტყვამ ვენახები, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სადაზღვევო კომპანიები კახეთის რეგიონისთვის უამინდობით მიყენებული ზარალის დათვლას ამთავრებენ, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო. 

საგარეჯოსა და გურჯაანში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

29 და 30 აპრილს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 519 შეტყობინება. შეტყობინებები ძირითადად ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს რაიონების ფერმერებიდან შევიდა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის საერთო ფართობი დაახლოებით 727 ჰექტარს შეადგენს.

„სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურიც“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, 2020 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 18.881 პოლისი, დაზღვეულია 18.178 ჰექტარი მიწის ფართობი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 161,9 მლნ ლარს აღემატება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თავის მხრივ, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პირობა დადო.