იწყება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე: გამოცხადდა დეტალები

საქართველოში 6 მაისს 43 ათასზე მეტი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უნდა შემოვიდეს, რომლის მიღებაშიც ქვეყანას „იუნისეფი“ ეხმარება.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა დღეს, საღამოს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებაზე რეგისტრაციას შეძლებს, ხოლო უშუალოდ აცრა 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვთ, რეგისტრაციის შემდეგ მეორე დოზის გაკეთებას ნებისმიერ დაწესებულებაში შეძლებენ — პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

აპრილის დასაწყისში ექსპერტთა საბჭომ ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა ჩატარდეს და 8 აპრილიდან ქვეყანაში ეს პირობა არის დაცული, მაგრამ ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვინც მანამდე პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 6 მაისს 43 ათასზე მეტი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უნდა შემოვიდეს, რომლის მიღებაშიც ქვეყანას „იუნისეფი“ ეხმარება. 

ვაქცინების პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო — ანალოგიური რაოდენობით.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებ-პორტალზე. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43 ათასზე მეტი ადამიანი.