„15 დღეა, კონტაქტი შეწყდა“: პოლონეთში დაკარგულ ქართველს ეძებენ

გაუჩინარებული ჩიქობავას ოჯახი თხოვნით მიმართავს სამთავრობო სტრუქტურებს, დაეხმარონ დაკარგული მამაკაცის  პოვნაში
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პაატა ჩიქობავას უკვე 15 დღეა უშედეგოდ  ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინტერპოლი ქობულეთში 4 წლის წინ დაკარგულ მოსწავლეს ეძებს

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. მეგობრები გამორიცხავენ, რომ დაკარგულს ვინმესთან რაიმე სახის უთანხმოებას ან კონფლიქტი ჰქონოდა.

დაკარგულს ეძებს ადგილობრივი პოლიცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„სკაიპით ველაპარაკებოდით. 15 დღეა კონტაქტი შეწყდა. უბრალოდ, რომ ვიცოდეთ, ცოცხალია თუ მკვდარია, აი ეს არის ახლა ჩვენი მიზანი“, — აცხადებს დაკარგულის ნათესავი, სუსანა ბოჯგუა.

არსებული ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა ზუგდიდიდან პოლონეთში 2018 წელს წავიდა სამუშაოდ. ის ბოლოს 18 აპრილს დაუკავშირდა მეგობარს და უთხრა, რომ პოზნანიდან 150 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი მასთან სატელეფონო კავშირი გაწყდა.

ოჯახის წევრებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი ინფორმაციით, მანამდე ჩიქობავას ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ნათესავებთან. ისინი ახლა ოფიციალურ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან.