კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს

როდესაც ზარალის ზუსტი მოცულობა დადგინდება, თუ მუნიციპალიტეტს არ ექნება საკმარისი რესურსი, ხელისუფლება შესაბამის თანხებს გამოყოფს, აცხადებენ მთავრობაში
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

ხუთშაბათს დაისეტყვა ლაგოდეხი და ყვარელი, ხოლო პარასკევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფლები პატარძეული, ხაშმი და უჯარმა, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში – კაჭრეთი, ჯიმითი და არაშენდა. სტიქიის შედეგად განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები.

საგარეჯოსა და გურჯაანში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

სეტყვის შედეგად განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთს, სადაც 150-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლების სახურავები დაუზიანდათ.

კაჭრეთში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. მან აღნიშნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

„მუშაობს ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და როდესაც ზარალის ზუსტი მოცულობა დადგინდება, თუ მუნიციპალიტეტს არ ექნება საკმარისი რესურსი, მთავრობა გამოყოფს თანხებს“, - აღნიშნა ბარნაბიშვილმა.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ზარალს, მთავრობაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გადაწყვეტილებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ.