გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღი ცნობილი გახდა

პარტიის მთავარი ბირთვი იქნება გახარიას საპარლამენტო გუნდი, რომელიც ჯერჯერობით ექვს ადამიანს ითვლის, განაცხადა ექს-პრემიერის თანაგუნდელმა
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამა წლის მაისში საკუთარი პარტიის პრეზენტაციას გამართავს, განაცხადა მისმა თანამოაზრემ გიორგი გოგუაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და უკვე აპრილში საკუთარი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას შეუდგა.

პირველი განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ – გახარია შეტევაზე გადადის?

„ახლა მიმდინარეობს პარტიის მშენებლობის აქტიური პროცესი, და მე ვუხელმძღვანელებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას... პარტიის პრეზენტაცია მაისში გაიმართება“, - განაცხადა გოგუაძემ.

გოგუაძემ აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი ბირთვი იქნება გახარიას საპარლამენტო გუნდი, რომელიც ჯერჯერობით ექვს ადამიანს ითვლის.

ამასთან, გახარიას გუნდის სხვა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ გახარიას პარტია შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში, რომლებიც გაიმართება საქართველოში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას

სანამ გახარია პარტიის პრეზენტაციისთვის ემზადება, მისი გუნდი პარლამენტში „ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი კი იყო ის, რომ ყოფილმა თანამოაზრეებმა პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი პარტიის კანდიდატ კახა კუჭავას არჩევის წინააღმდეგ მისცეს ხმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდის ამ საქციელს ულამაზო უწოდა.

დღეისათვის გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია. მისი ნებისმიერ პოსტი თუ ფოტო სოციალურ ქსელში ათასობით მოწონებას იმსახურებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის იშვიათობაა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში (2–26 თებერვალი) პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%-ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%-ით.