ძლიერი სეტყვა კახეთში: სტიქიამ ყვარელი და ლაგოდეხის სამი სოფელი დააზარალა

ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა განსაზღვრული არ არის, ამიტომ უცნობია, თუ რა ტიპის დახმარების გაწევას შეძლებს მუნიციპალიტეტი.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი,  ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, რაიონში სტიქიამ ვენახების, საკარმიდამო ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50-60 პროცენტი გაანადგურა.

კვლავ წვიმა: სინოპტიკოსები უამინდობის შესახებ გვაფრთხილებენ

სეტყვისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. შექმნილ ვითარებას მერიის თანამშრომლები შეისწავლიან.

გარდა ამისა, სტიქიამ  დააზარალა ქალაქი ყვარელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი.

სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ღრუბლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.