საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 236 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 236 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გეგმა ცნობილია: უახლოეს წლებში 5 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

აღნიშნული ოჯახები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.

ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოში მოქმედმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.

მიმდინარე წელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ჯამში 1,5 ათასზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

ბინების მიღების პროცესი
ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა. 

„სოფლად სახლი“ – დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.

ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.