საქართველოში შშმ პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახალი საცდელი მოდელი უკვე საქართველოს რამდენიმე რეგიონში ამოქმედდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ახალი მოდელით მინიჭება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ ადამიანის ფუნქციურ შესაძლებლობებზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას. 

თალაკვაძე: შშმ პირთა უფლებების დოკუმენტის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობისაა

ახალი საპილოტე მოდელი უკვე ამოქმედდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ტიკარაძის სიტყვებით, ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს შშმ პირების რეალურ საჭიროებათა გამოვლენას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში.

„ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა. სამინისტრო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირებზე. ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, რეგულირების სააგენტომ დაიწყო მუშაობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაგვანახებს ერთიან სურათს შშმ პირების რაოდენობრივ და საჭიროებების ჭრილში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში იგეგმება ასევე საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც იმუშავებს შშმ პირებისთვის სერვისების განვითარებასა და მუნიციპალურ დონეზე მათ დანერგვაზე.

„გახსოვართ?“ – შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ამჟამად საქართველოში, ძირითადად, მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი, რომლის თანახმადაც, სტატუსი ენიჭება ადამიანს მისი სამედიცინო ჩვენებების მიხედვით. მომსახურება და შეღავათი ყველასთვის ერთნაირია - დაავადების თავისებურებები და ინდივიდუალური საჭიროებები არ იხილება. ახალი მოდელის წყალობით მთავრობა გეგმავს თითოეული შშმ პირისთვის იმ მომსახურების მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება.