„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა დათმობაზე არ მიდის – პროტესტი მძაფრდება

გაფიცულებმა საწარმოში შესასვლელი გადაკეტეს და პროტესტის უფრო რადიკალური ზომებით იმუქრებიან, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ქიმიური ქარხანა „აზოტის" გაფიცული მუშებისა და საწარმოს ადმინისტრაციის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი რუსთავიდან.

ქარხნის მუშები უკვე მეორე დღეა, გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%–ით მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა და არც დღეს აპირებს დათმობაზე წასვლას.

რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლებმა აქცია განაახლეს>>

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, რომელიც გაფიცულთა ინტერესებს იცავს, საწარმოს ხელმძღვანელობა მუშებისთვის ხელფასის მომატებას არ აპირებს.

„ხელმძღვანელობას კონკრეტული ალტერნატიული წინადადებები არა აქვს. ისინი უბრალოდ დროს აჭიანურებენ“, – განაცხადა კობაიძემ.

ამასთან. თუ გაფიცულთა მოთხოვნები 29 აპრილის 12 საათამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი უფრო მასშტაბური აქციით იმუქრებიან, სადაც ქალაქის სხვა საწარმოების თანამშრომლებიც ჩაერთვებიან.

რუსთავში „აზოტის“ მუშები გაიფიცნენ

როგორც აქციის მონაწილეებმა Sputnik–თან განაცხადეს, „აზოტის“ მუშის საშუალო ხელფასი 500 ლარზე ცოტა მეტია, დანამატთან ერთად – დაახლოებით 600 ლარი, რაც არანაირად არ ასახავს მათ შრომას. ისინი მზად არიან საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.

გარკვეული ხნის წინ ადგილზე ვითარება დაიძაბა – აქციის მონაწილეებმა ქარხნის გზა გადაკეტეს და საწარმოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს ჟანგბადის გადამზიდი სატვირთო ავტომობილი. ქარხანაში შესასვლელი ბლოკებით არის გადაკეტილი. გაფიცულები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უფრო რადიკალურ ზომებს მიმართონ, თუ ადმინისტრაცია მათკენ შემხვედრ ნაბიჯს არ გადმოდგამს.

„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა დათმობაზე არ მიდის – პროტესტი მძაფრდება

აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.

„რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.