თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელიც მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად მკურნალობდა კლინიკაში, სოციალურ ქსელში რეანიმაციაში გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით წერს.
როგორც ენათმეცნიერი წერს, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ყოფილიყო მსახიობთან ერთად, და „სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გააერთიანათ“.
„თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან. მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან. თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ „გამანდეთ“, თან წამოვიღებ“, - წერს ენათმეცნიერი.
მარინე ბერიძე იხსენებს, რომ მათ შორის ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები და ისინი, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მათ რიგს ელოდნენ.
85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.