კახა კალაძე: კუს ტბა უფრო მიმზიდველი გახდება

კუს ტბა თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავებას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა.

„იცით, რომ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე.

კუმისის ტბაში ათობით ტონა თევზი დაიხოცა

„ეს პროექტი დამყარებული იყო მრავალწლიან კვლევებზე და მასში ჩართულები იყვნენ დარგის მოწინავე პროფესიონალები, სპეციალისტები. შესაბამისად, მასთან მაქსიმალური დაახლოება და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაშვებული შეუსაბამო ცვლილებებისა და შეცდომების გამოსწორება აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის აზრით, პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე - ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები.

კალაძის თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტის განხილვა ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე უნდა მოხდეს.

კუს ტბა თბილისელების და საქართველოს დედაქალაქის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია  სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, იქვე  არის რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბაზე ჭავჭავაძის გამზირიდან საბაგიროთი ასვლაც არის შესაძლებელი.

ტბის მახლობლად ღია ცის ქვეშ  ჩიტაიას სახელობის ცნობილი ეთნოგრაფიული მუზეუმი  მდებარეობს.