პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს

გიორგი რურუასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო იმისთვის, რომ ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტი შეეწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას შეწყალების აქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს.

ხელისუფლება და ოპოზიცია ამნისტიის კანონთან დაკავშირებით კომპრომისს ეძებენ

მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრძანებულებას გიორგი რურუას შეწყალების შესახებ იმ შემთხვევაში გამოსცემს, თუ ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება მიაღწევენ კომპრომისს და ხელს მოაწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმებას. გასულ ორშაბათს მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

დღეს ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმებას „საქართველოს წინსვლის გზა“, პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემდეგ პარლამენტის მუშაობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას შეუდგებიან. ლაპარაკია 2019 წლის 20–21 ივნისის აქციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტების ამნისტიაზე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.

ამასთან ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. კანონპროექტის ინიცირება, შესაძლებელია, დღესვე არ მოხდეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, კანონპროექტის შესახებ დამატებითი დეტალები დღეს გახდება ცნობილი.

ნიკა მელია თანახმაა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოვიდეს

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოლიტპატიმრებს უწოდებს. ოპოზიციის მხრიდან მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად არის დასახელებული.

ამის გამო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმებისა, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა.