საქართველოს მთავრობა აუქციონზე კიდევ 150-მდე სახელმწიფო ობიექტს გაიტანს

დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს, განაცხადა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კვირის ბოლომდე გამოაცხადებს მომდევნო ელექტრონულ აუქციონებს, სადაც წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი - როგორც ძველი, ასევე ახალი საინტერესო ობიექტები, განაცხადა ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და საქართველოს ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ხელისუფლებამ გააფართოვა პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ და მეწარმეებს მთლიანობაში 400 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტები შესთავაზა. მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების დროს 60 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ობიექტები გაიყიდა.

ყოფილი ორთაჭალის ციხის შენობა აუქციონზე გაიტანეს

„პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად. ეს იყო 250-ზე მეტი ლოტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ და აქაც იქნება 150-მდე სხვადასხვა ლოტი როგორც ძველი ობიექტები, ასევე დამატებული ახალი, საინტერესო ობიექტები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი პანდემიის გამო სხვადასხვა სოციალური ვალდებულებებითაა გადატვირთული, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი, აღნიშნა მან.

თურნავას თქმით, აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული მნიშვნელოვანი თანხის გარდა, გადაიჭრება დაუმუშავებელი მიწების, საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობების საკითხი, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკაში არანაირი წვლილი არ შეჰქონდათ.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. ის ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას.