რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლას მაისის ბოლომდე გეგმავს

რუსი დიპლომატის თქმით, იმის იმედი და მოლოდინი, რომ რუსეთი დათმობებზე წავა, არავის არ უნდა ჰქონდეს.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. რუსეთი უახლოეს პერიოდში გავა ღია ცის ხელშეკრულებიდან, თუ ამჟამინდელი სტატუს-კვო შენარჩუნდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ გავრილოვმა ვენაში, სადაც ის სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

„სტატუს-კვოს შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები შეთანხმებიდან რუსეთის მოსალოდნელი გასვლის თაობაზე 2021 წლის მაისის ბოლომდე დასრულდება“, — აღნიშნა გავრილოვმა.  

მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი რამდენიმე დღეში წარედგინება პრეზიდენტს, შემდეგ კი დუმასა და ფედერაციის საბჭოს გადაეცემა განსახილველად.  

მოსაზრება: დაუბრუნდება თუ არა ბაიდენი რუსეთთან „ღია ცის“ ხელშეკრულებას

დიპლომატს მიაჩნია, რომ ახლა „ყველაფერი ხელშეკრულების ჩაშლისკენ“ მიდის, თუმცა „რუსეთისგან ცალმხრივი დათმობების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს“.

როგორც გავრილოვმა აღნიშნა, ქვეყნების ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებიდან ვაშინგტონი გავიდა, მაინც ცდილობს, რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა „ღია ცის ხელშეკრულების გარშემო არსებული სავალალო მდგომარეობისთვის“.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე მზადაა, იმსჯელოს შექმნილ ვითარებაზე პარტნიორებთან, თუმცა პრაქტიკული განხილვები მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონი „გასაგებად“ განაცხადებს, რომ ღია ცის ხელშეკრულებაში დაბრუნებას გეგმავს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულება გასული წლის 22 ნოემბერს დატოვა, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს გაავრცელა განცხადება ხელშეკრულებიდან ქვეყნის გასვლის თაობაზე.