თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად შექმნილი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დღეს პირველად მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობას.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი 19 აპრილს მოაწერეს.
ამ ხელშეკრულებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის საქმიანობაში. ერთ-ერთი პირველი საკითხი ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირებაა, რომელიც პატიმრობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას ითვალისწინებს. პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რათა მათ პარლამენტის ბოიკოტი შეეწყვიტათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ გაგრძელდება.
„იწყება შეთანხმების შესრულება. ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრირდება და ამის შემდეგ გიორგი რურუას შეწყალების სახით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონს, კონსულტაციები გრძელდება. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას (მელიას) აზრს. ჩვენ გვექნება განხილვები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 27 აპრილს გიორგი რურუას შეწყალების აქტს მოაწერს ხელს. რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას, მან მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, „მონაწილეობა არ მიიღონ ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რომელსაც ამნისტია ჰქვია“, და ამ შემთხვევაში იგი დათანხმდება, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო მის ნაცვლად ევროკავშირმა გადაიხადოს.
ამასთან, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს დოკუმენტის ხელმოწერაზე და ბოიკოტის რეჟიმში რჩება იმ დრომდე, ვიდრე ნიკა მელია და გიორგი რურუა არ დატოვებენ საპატიმროს.
ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევაა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა. პარლამენტის ექს-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, იგი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალი თავმჯდომარის არჩევა წინამორბედის გადადგომიდან 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს.
„მე აუცილებლად დავესწრები პლენარულ სხდომას, სადაც პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ. მხარს დავუჭერ თუ არა – წინასწარ ვერ გიპასუხებთ. კახა კუჭავას რიტორიკა გაცილებით დაბალანსებული და პოლიტიკურად ნეიტრალური იყო“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – არანაკლებ 76 ხმა. დღეისათვის მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის სპიკერის წარდგენა შეუძლიათ უმრავლესობას, უმცირესობას და ფრაქციებს. თითოეული კანდიდატის 20-წუთიანი გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება.
კახა კუჭავა პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა, 2020 წლის არჩევნების შედეგებით კი ის მეორე ვადით გახდა დეპუტატი. მანამდე ის იყო გეოლოგიური კომპანია Georgian Copperand Gold-ის გენერალური დირექტორი, „კავკასიის მინერალური წყლების“ გენერალური დირექტორი.
მანამდე ის იკავებდა პოსტებს საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, იყო „წითელი ჯვრის“ კონსულტანტი და იურისტი ფირმაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“.