თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს კვირის ბოლომდე გადაწყვეტს. ამის შესახებ ჩინეთის ტელევიზია CGTN იუწყება.
ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზაზე მეტი უკვე გამოყენებულია.
ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.
ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.
ამ ეტაპზე, Sinopharm-ის დეტალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებული არ აქვს, მაგრამ აცხადებენ, რომ კლინიკური ცდების III ფაზაში ვაქცინამ 79,34-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.
საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს დაიწყო და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.
საქართველომ უკვე მიიღო ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა. ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 150 მლნ ადამიანია აცრილი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო საქართველოში მისი გამოყენების გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ქვეყანა მიიღებს მეორე ჩინურ ვაქცინას Sinovac (100 ათასი დოზა) და ივნის–ივლისში – Sinopharm-ის დამატებით დოზას (0,5 მლნ დოზა).