თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველო სოლიდარულია და მხარს უჭერს ინდოეთს კორონავირუსის პანდემიასთან უთანასწორო ბრძოლაში, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ინდოეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი 349.691 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2,7 ათასზე მეტი ადამიანი, რაც, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.
„საქართველო სოლიდარულია და მხარს უჭერს ინდოეთს მის უთანასწორო ბრძოლაში COVID-19-ის პანდემიასთან. მინდა გამოვხატო ჩემი სიმპათია ინდოელი ხალხისა და მთავრობის მიმართ“, – დაწერა ზალკალიანმა.
კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მხრივ ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ დარეგისტრირებულია COVID-19-ის 16,9 მილიონ შემთხვევაზე მეტი. გამოჯანმრთელდა 14 მილიონზე მეტი, გარდაიცვალა 192 ათასი ადამიანი. დაავადების შემთხვევები განსაკუთრებით იზრდება თებერვლის შუა რიცხვებიდან.