თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
საუკეთესო მასწავლებლები დასახელდება შემდეგ ნომინაციებში: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი, ფიზიკის საუკეთესო მასწავლებელი, ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი, ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი, ბუნებისმეტყველების საუკეთესო მასწავლებელი, მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომელთაც სულ მცირე 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 14 მაისის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1O4n2qt3B3NL2.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ტარდება. კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად იმართება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.