თბილისი 26 აპრილი — Sputnik. იქმნება არამეგობარი სახელმწიფოების სია, რომლებსაც დიპლომატიურ მისიებში სამუშაოდ რუსეთის მოქალაქეების მიღება აეკრძალებათ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, აღნიშნულ სიაში ამერიკის შეერთებული შტატებიც შევა.
ზახაროვას განმარტებით, საბოლოო ჩამონათვალი მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ გახდება ცნობილი. დოკუმენტს სხვადასხვა უწყებები ამზადებენ.
ამასთან საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ის „სრულიად არამეგობრული ქმედებებითაა“ გამოწვეული, რომელმაც მორიგი სანქციები დაუწესა მოსკოვს და დიპლომატების გამოძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც არამეგობრული მოქმედებებით დაკავებულ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს რუსეთში თანამშრომლების დაქირავებას უკრძალავს. სამუშაო კონტრაქტები, რომლებიც მანამდეა გაფორმებული ფიზიკურ პირებთან და რომელთა რიცხვიც რუსეთის მთავრობის მიერ დადგენილ რაოდენობას აჭარბებს, შეწყვეტას ექვემდებარება.