თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
რამიშვილი იცავდა შარშან დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს, ასევე არის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, რომლის საქმეც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.
„გადავწყვიტე თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო“, – დაწერა რამიშვილმა.
წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების ბედი, რომლის ჩატარებაც ნახევარი წელია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.