ქადაგიშვილი: ამნისტია პოლიციელებზეც გავრცელდება

ამნისტიის შესახებ კანონი შეეხება ყველას, ვის წინააღმდეგადაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აცხადებს „ქართული ოცნება“.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ამნისტიის შესახებ კანონი 20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტს არ შეეხება

ხვალ, 27 აპრილს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება მოხდება, რომელიც შეეხება ყველას, ვის წინააღმდეგადაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„გავრილოვის ღამედ“ წოდებული საპროტესტო აქციის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია  ევროკავშირის შუამავლობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ქადაგიშვილის განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს. მისი თქმით, იმ პირებზე, ვისი საქმეც მუხლობრივად არაადამიანურ მოპყრობას შეიცავს, ამნისტია არ გავრცელდება, თუმცა 20 ივნისის ფიგურანტებს შორის მსგავსი ფაქტი არც ფიქსირდება.

„აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი შეეხება იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული. ხუთპუნქტიან დოკუმენტში ეს უკვე დევს, პარტიებმა ამას ხელი მოაწერეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გეგმის სულისკვეთება კანონპროექტში სრულად აისახოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. 
თბილისში ამნისტიის კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

ამნისტიის საკითხზე ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა – ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, ნაწილის აზრით კი, ამნისტია არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამო პასუხისგებაშია მიცემული.

2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა. გვიან საღამოს სიტუაცია უკონტროლო გახდა, რადგან მომიტინგეებმა, ხელისუფლების ვერსიით, პარლამენტში შეჭრა სცადეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მთელ ღამეს გაგრძელდა, ასობით ადამიანი დააკავეს. დილით გაირკვა, რომ პოლიციასთან შეტაკებებში დაშავდა 240 ადამიანი.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.