COVID-19 სკოლებში: აჭარაში 13 სკოლა და 24 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

აჭარის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ერთ-ერთ „წითელ ზონად“ არის მიჩნეული. ბოლო დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 70-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. აჭარის რეგიონის სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო 13 სკოლა და 24 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ამასთან, რეგიონის მასშტაბით ვირუსის გავრცელების გამო ექვსი საბავშვო ბაღია დახურული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 521 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 68 აჭარის რეგიონში დაფიქსირდა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სკოლებში მონიტორინგი გააძლიერა. 

საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე სულ უფრო მეტი სკოლა გადადის

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. გასულ სასწავლო კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. 

მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ძალაში შედის წერტილოვანი შეზღუდვები – დისტანციურ სწავლებაზე გადადის ან მთლიანად სკოლა, ან კონკრეტული კლასი.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.