ალბათ ბევრმა იცის, რომ არცთუ დიდი ხნის წინ კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ამხილეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. პარიზის სასამართლომ მას სამწლიანი სასჯელი (ერთწლიანი პატიმრობა და ორი წლით პირობითი სასჯელი) გამოუტანა. დაახლოებით ათი წლის წინ კორუფციაში ამხილეს ასევე საფრანგეთი ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკიც. თუმცა მისი ქვეყნის წინაშე დამსახურებები გაითვალისწინეს და მასაც პირობითი მსჯავრი დაედო.
სარკოზისაც და შირაკსაც ნამდვილად გაუმართლათ, რომ XX - XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოუწიათ ცხოვრება და მოღვაწეობა, თორემ მათ მიმართ ასეთ ლოიალობას ნამდვილად არ გამოიჩენდნენ. იმავე საფრანგეთში სხვადასხვა დროს 12 ფინანსთა მინისტრი დაატუსაღეს, მათგან რვა — სიკვდილით დასაჯეს.
ქრთამთან და კორუფციასთან დაკავშირებით სამყაროს ისტორია მდიდარია ისეთი ფაქტებითა და მოვლენებით, რომელიც ერთდროულად საინტერესოცაა, საშინელიც და ჭკუის სასწავლიც. მაგალითად, კორუფციაში ჩათრეული აღმოჩნდა თვით დიდი მწერალი მიგელ დე სერვანტესი. ის 1587 წელს დაინიშნა ესპანეთის მთავრობის შემსყიდველ აგენტად, ხოლო 1592 წელს გადასახადების ამკრეფად დაიწყო მუშაობა. მანაც ვერ გაუძლო ცდუნებას და სახელმწიფო თანხების მითვისების გამო ორჯერ გამოამწყვდიეს სევილიის ციხეში.
დიდია სია იმ სახელმწიფო მოხელეებისა, რომლებიც კორუფციისა და სახელმწიფოს თანხების მითვისების გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ (მექსიკის ექსპრეზიდენტი რაულ სალინა, სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტები როჰ ტაი ვუ და ჩონ დუნ ხვანი, ფილიპინების ექსპრეზიდენტის ქვრივი და ყოფილი მინისტრი იმელდა მარკოსი), თუმცა ყველა ფერმკრთადება ყველაზე დიდი ხაზინის ქურდის — ჰარპალოსის წინაშე.
ჰარპალოსი ალექსანდრე მაკედონელის ჰეტერი, ანუ მეგობარი და თანამებრძოლი გახლდათ. წყნარი, მორიდებული და საკმაოდ თავაზიანი ჰარპალოსი განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ გაუმაძღარ სვავად აქცია. ფიზიკურად სუსტი, მაგრამ საკმაოდ განათლებული და ერუდირებული ჰარპალოსისათვის ალექსანდრემ შესაფერისი საქმე გამოძებნა და სახელმწიფო ხაზინა ჩააბარა.
როდესაც მაკედონელი აზიაში სალაშქროდ წავიდა, ჰარპალოსმა გაილაღა და ხაზინის ფულის ფლანგვას მიჰყო ხელი. ამან ის მაკედონელის დედას — ოლიმპიადას გადაამტერა, რომელიც ვეღარ ითმენდა ხაზინადარის თავგასულობას. მაშინ ჰარპალოსმა ხაზინა გაიტაცა და საბერძნეთის ქალაქ მეგარას შეაფარა თავი.
ალექსანდრე მაკედონელი კი სპარსეთის დაპყრობას განაგრძობდა. და რაც უფრო შორს მოდიოდა მისი ლაშქარი საბერძნეთიდან, მით უფრო მატულობდა ჰარპალოსის ფუქსავატური თავაწყვეტილობა და ფულის ფანტვა. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ მაკედონიის სამეფოს ხაზინადარს გვერდს ასზე მეტი ამფსონი უმშვენებდა, რომელთა მდიდრულ ნადიმ–ღრეობებს ბოლო არ უჩანდა. მემატიანეთა გადმოცემით, ჰარპალოსის ერთი ნადიმი 20-25 ტალანტი უჯდებოდა ხაზინას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ 1 ტალანტი 26 კილოგრამ ოქრო–ვერცხლს იწონიდა, ნათელი ხდება, თუ რა კოლოსალური თანხები ეწირებოდა ჰარპალოსის უსაზღვრო ფანტაზიებს.
ბოლოს ალექსანდრესაც აევსო მოთმინების ფიალა. მაკედონიის მეფეს თანამებრძოლებიც ჩუმადაც კი დასცინოდნენ: ჩვენი მეფე ჰარპალოსია, ხოლო ალექსანდრე — მისი სარდალიო. და მაკედონელმაც შერისხა ჰარპალოსი — ხაზინადრობა ჩამოართვა. თუმცა მას შემდეგ, რაც მის ხელში გადავიდა სუზას, პარსაგადისა და პერსეპოლისის უმდიდრესი საგანძურები, შერიხული ხაზინადარის ჭკუა და გამოცდილება ისევ დასჭირდა და მეფემ კვლავ თავისთან იხმო იგი.
ჰარპალოსმაც შეჰფიცა ალექსანდრეს, რომ კუბოს ფიცრამდე მისი ერთგული და დამჯერე იქნებოდა. ამით გულაჩუყებულმა ალექსანდრემ „ერთგული ჰეტერი“ ისევ დააბრუნა ძველ თანამდებობაზე, მაგრამ მიეფარა თუ არა თვალს მაკედონელის ლაშქარი, ჰარპალოსმა კვლავ სოდომური ცხოვრება განაგრძნო.
მაგრამ გარყვნილებაც არის და გარყვნილებაც. აზიელი კახპები რომ მოყირჭდა, ჰარპალოსმა მთელ საბერძნეთში განთქმული სიძვის დიაცი, პითიონიკა გამოიწვია ათენიდან. როდესაც ქალი გარდაიცვალა, ჰარპალოსმა, ისევ ხაზინის ხარჯით, ორი უბრწყინვალესი ძეგლი აუგო მას ათენსა და ბაბილონში. არადა, ძველ საბერძნეთში, ტრადიციისამებრ, ძეგლებს მხოლოდ ეროვნულ გმირებსა და ღმერთებს უდგამდნენ.
ჰარპალოსმა პითიონიკა მეორე ათენელი მეძავით — გლიკერიათი შეცვალა. როგორც ნათქვამია, თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ჰარპალოსის ბუნაგს მრუშთა არმია მიაწყდა. ნაწილი გლიკერიამ ჩაიყვანა, ნაწილი თავისით მივიდა. და ჰარპალოსის ხროვა თანდათან უმართავ ურდოდ გადაიქცა.
დაუსჯელობით გათამამებული ჰარპალოსი გაუგონარ მკრეხელობაზე წავიდა. მან სირიის მმართველს ხაზინაში ფული არ შეატანინა. ამ ფულის ნაწილი ქრთამად აიღო, ხოლო დანარჩენი თანხით გლიკერიას ძეგლი დაუდგა სირიაში და ყველა სიკვდილის მუქარით აიძულა, რომ მისთვის, ვითარცა დედოფლისათვის, პატივი ეცათ. უფრო მეტიც, გლიკერიას კილიკიაში დიდი სასახლე შეუძინა, სადაც ჰარპალოსის ხროვა წლების განმავლობაში მართავდა ორიგიებს.
მაგრამ, ჰარპალოსისთვის საუბედუროდ, ალექსანდრე ინდოეთითან დაბრუნდა და სანამ მისი მრისხანება მისწვდებოდა, გაქცევით უშველა თავს. მან ხაზინიდან მოპარული ფულით 6 ათასი მეომარი დაიქირავა, 30 გემი შეიძინა, სახარჯოდ 5 ათასი ტალანტი გაიტაცა და ათენს შეაფარა თავი. მაგრამ მალე იქაც აღარ დაედგომობოდა, ვინაიდან ათენში ალექსანდრეს ახალი ხაზინადარი ფილოქსენე გამოჩნდა და ქალაქის მესვეურთაგან ჰარპალოსის დაპატიმრება მოითხოვა. ამიტომ ჰარპალოსი დიდი განძითა და დაქირავებული ჯარით კუნძულ კრეტაზე გაიპარა, სადაც მისმა თანამეინახემ, სპარტელმა თიბრინიოსმა, მუხანათურად მოკლა.
როდესაც ახალმა ხაზინადარმა არსებული სახელმწიფო ქონება ხელახლა აღწერა, აღმოჩნდა, რომ ჰარპალოსს 10 წლის განმავლობასი ხაზინისათვის დაახლოებით 100 ათასი ტალანტის — დაახლოებით 2600 ტონა ოქრო-ვერცხლის ზარალი მიეყენებინა. მსგავსი რამ სამყაროს ისტორიაში არავის გაუკეთებია და ალბათ კიდევ დიდხანს ვერავინ შეძლებს ამ რეკორდის დამხობას.
საინტერესო ფაქტები მსოფლიო ისტორიიდან - მექრთამეობა და მასთან ბრძოლა
- უგანდის პრეზიდენტმა იდი ამინმა „ძალზე მარტივად“ მოუღო ბოლო კორუფციას ქვეყანაში. მისი ბრძანებით, ორი კორუმპირებული მინისტრი ნიანგებით სავსე ტბორში ჩაყარეს.
- ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს იმპერატორმა ბოკასამ ის მინისტრი, რომელმაც ფული მოპარა, ღორივით დაკლა, მისი ხორცი დააგემოვნა და სხვა მინისტრებსაც „გაასინჯა“.
- ძველად ინდოეთში წესად იყო მიღებული, რომ ფულის მოპარვაში შემჩნეულ მოხელეს გამდნარ ოქროს ასხამდნენ პირში და ასე წამებით კლავდნენ.
- XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა გარუსებულ ქართველს, კოზოდავლევს (ჭილაშვილს). ერთხელ მასთან ნაცნობი რუსი დიდებული შევიდა და საქმის ჩაწყობა მოიწადინა. მინისტრმა ამისთვის 20 ათასი მანეთი მოითხოვა. რუს დიდებულს ეძვირა და მინისტრს შეევაჭრა: ათი ათას მოგცემ, სამაგიეროდ გპირდები, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებსო. კოზოდავლევს გაეცინა, შენ 20 ათასი მომეცი და თუ გინდა, აქედანვე დაიწყე ყვირილი, ქრთამი გავეციო.
- გალიის მმართველმა ლიცინიუსმა კი, იმისათვის, რომ მეტი გადასახადები აეღო ქვეშევრდომებისგან, წელიწადი 14 თვედ დაყო.
- რომის იმპერატორი ვესპასიანე სახელმწიფო ხაზინის შესავსებად მაღალ თანამდებობებზე ქურდებს, მექრთამეებსა და გამომძალველებს ნიშნავდა, რათა გარკვეული დროის შემდეგ ისინი პასუხისგებაში მიეცადა მათ მიერ დაგროვილი ქონების კონფისკაცია მოეხდინა. ასეთ ჩინოვნიკებს „ღრუბელს“ ეძახდნენ.
- რომის იმპერატორი ტიბერიუსი იშვიათად ცვლიდა თავის მოხელეებს, რასაც შემდეგნაირად განმარტავდა: როცა ბუზი საკმაოდ ძღება, ისე ძალიან აღარ იკბინება, როგორც მშიერიო.
- ერთხელ რომის იმპერატორ ვესპასიანესთან დიდმოხელე შევიდა და იმპერატორს წარუდგინა ახალგაზრდა კაცი, რომელიც თითქოსდა მისი ძმა იყო. სთხოვა, რომ მისთვის სამსახური მიეცა. იმპერატორი მიხვდა, რომ დიდმოხელე ცრუობდა, ამიტომ გარეთ დაცდა უბრძანა. ვესპასიანემ დაიმარტოხელა თუ არა ახალგაზრდა კაცი, უთხრა: შენ ის თანხა მე გადამიხადე, რაც მისთვის უნდა მიგეცა და დაუყონებლივ მიგიღებ სამსახურშიო. და მანაც ვესპასიანეს ფული იქვე ჩაუთვალა. უკან შემობრუნებულ დიდმოხელეს კი იმპერატორმა უთხრა: შენ შეცდი, ის შენი ძმა კი არა, ჩემი ძმა აღმოჩნდაო.