მორიგი ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: ბზობის დილა სალხინოს მონასტერში

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი  – Sputnik. ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ტაძარში მივიდა მეუფე სტეფანე, რომლის გამოჩენასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

მორიგი ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: ბზობის დილა სალხინოს მონასტერში

ტაძარში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. მასვე უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ უთანხმოებასაც. სასულიერო პირების მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ სანამ ბიზნესმენი მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებს, ისინი მეუფე სტეფანეს ტაძარში არ შეუშვებენ.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში: სალხინოს მამათა მონასტერი აღდგომამდე დაიკეტა

ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სალხინოში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძეც.

ტაძრის ეზოში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. მათ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

გარდა ამისა, სალხინოში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში იმყოფებიან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი მხარს მშვიდობას და ეკლესიის ერთიანობას უჭერენ. 

მორიგი ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: ბზობის დილა სალხინოს მონასტერში

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აქ მიმდინარე პროცესს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო. არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე. ვუჭერთ მხარს ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას, იმედია, ასეც იქნება. წირვის დასრულებამდე აქ ვიქნებით და დავუბრუნდებით ჩვენი პროტესტის ადგილს. სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობის დღესასწაულს“, – განაცხდადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა

ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი მოითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ კი პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად ისევ ის დააბრუნოს.

ნიკა ლატარია