ნიკა მელია ევროპარლამენტის დეპუტატების თავდებობაზე თანახმაა

რადგან ოპოზიციისთვის „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება პარლამენტში შესვლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ნიკა მელიას გათავისუფლების გზების მოძიებაში ევროპარლამენტის დეპუტატები ჩაერთვნენ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის ევროპარლამნტის დეპუტატების მხრიდან თავდებობა სრულიად მისაღებია, ამის შემდეგ პოლიტიკოსმა ოპოზიციურ ტელეარხ „მთავარს“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა.

იმის შესახებ, რომ ევროპარლამნტის დეპუტატები მზად არიან თავდებში დაუდგნენ მელიას, ცნობილი პარასკევს გახდა. ახალი ინიციატივა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა. 

„ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა“, - განაცხადა მელიამ.
ნიკა მელია, შესაძლოა, პატიმრობიდან ამნისტიის გარეშე გათავისუფლდეს

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.

მელიასთვის მიუღებელია ამნისტია, რადგან მასთან ერთად ამნისტია შეიძლება შეეხოს 20 ივნისის საქმის ფიგურანტ პოლიციელებს. ასევე ის არ აპირებს მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი გათავისუფლებისთვის სხვა გზის მოძიება.

„თუკი, ისინი დარწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნება“ მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში, მივმართავ მათ, არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში“, – აცხადებს ნიკა მელია.

დოკუმენტში, რომელსაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ 19 აპრილს მოაწერეს ხელი, აღნიშნულია, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში უნდა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, ნიკა მელიაც ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს – დეტალები

ადრე პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შემდეგ კვირაში იქნება ინიცირებული და უმოკლეს ვადებში მიღებული.

ნიკა მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

მიუხედავად გათავისუფლების გარანტიებისა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმეტს და შევიდეს პარლამენტში მანამ, ვიდრე ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს.