„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს გირაო შეეფარდათ

ორივე მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში, ე.წ. საძელეს მთის საბაგიროზე მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მემანქანე-ოპერატორებს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 – 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს პროკურატურამ გუდაურის ე.წ. საძელეს მთაზე საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალი გუშინ წარუდგინა.

გუდაურში 2018 წლის ინციდენტთან დაკავშირებით საბაგიროს ოპერატორებს ბრალდება წარედგინათ

კომპანიის თანამშრომლებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

2018 წლის 16 მარტს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში საბაგიროზე უბედური შემთხვევა მოხდა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ავარიულად გაჩერების შემდეგ საბაგიროს ვაგონები მაღალი სიჩქარით დაეშვა ქვემოთ და ისინი სადგურს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდნენ ადამიანები. დაშავებულთა შორის იყვნენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალაქეები.

გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თანამდებობები მაშინვე დატოვეს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძემ. ამასთან ერთად უფლებამოსილება შეუჩერდა იმ ოპერატორს, რომელიც ინციდენტის მომენტში „საძელეს" მართავდა.

პროკურატურის ცნობით, გუდაურში „საძელეზე" საბაგირო ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, მემანქანე-ოპერატორებმა დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლები ხარისხის დაზიანებები მიიღო.