„გირჩი“ საარჩევნო სიებში კვოტების წინააღმდეგ გამოვიდა

პარტია „გირჩში“ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სიებში ქალებისთვის განკუთვნილი კვოტების არსებობა თავადვე ქალებისთვის ცუდია
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ადამიანთა კვოტირება, გენდერული ნიშნით განაწილება და პარლამენტში მოხვედრა ბოროტებაა, – აცხადებს პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)„გირჩის“ საარჩევნო სიიდან 121 კანდიდატის - მე-8-დან 129-ე ნომრის ჩათვლით - დეპუტატობის რეგისტრაცია გააუქმა.

ცესკომ „გირჩის“ საარჩევნო სიის წევრების უმრავლესობის რეგისტრაცია გააუქმა

პარტია „გირჩში“ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სიებში ქალებისთვის განკუთვნილი კვოტების არსებობა თავადვე ქალებისთვის ცუდია, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ ის ადამიანი აირჩიეს არა იმიტომ, რომ ის კარგი პოლიტიკოსია, არამედ რადგან სახელმწიფომ ვიღაცა აიძულა ის რაღაც სიაში ჩაეწერათ.

„ეს მიგვაჩნია ამორალურ ქცევად, ჩვენმა ამომრჩევლებმა პრაიმერისის წესით თვითონ შეარჩია თავიანთი ათეული, როგორი უნდა ყოფილიყო „გირჩის“ წარმომადგენლობა, ამ გამსვლელ სიაში არ იყვნენ ქალბატონები, მაგრამ მოგვიწია კანონმდებლობის მიხედვით შევსება, რომ ყოველი მეოთხე ქალბატონი ყოფილიყო. ჩვენ სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ არ ვცნობდით ქალთა კვოტირებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ახლა დღის წესრიგში ამ საქმის ბოლომდე მიყვანა დგას.

რამდენი დეპუტატი შეიკრიბება პარლამენტში

„რადგან მიზანი გვქონდა, სანდრო რაქვიაშვილი შეგვეყვანა პარლამენტში, დაგვჭირდა მთელი სიის ჩახსნა, რადგან ქალს თუ ამოვიღებდით, შემდეგი დარჩებოდა. ამიტომ იმ ადგილას ჩავხსენით, რის შემდეგაც ამის განხორციელება შეიძლებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ტყუილად აყენებენ შეურაცხყოფას ანა ჩიქოვანს, რომელიც პარლამენტში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი თანაავტორია.

„ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, მას აზრი არ შეუცვლია“, - განაცხადა ხვიჩიამ.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „გირჩმა“ ხმების 2,89% მიიღო და შედეგად საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატი მოხვდა. პარტიაში დეკემბერში განხეთქილება მოხდა – ის ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა და თავისი ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ შექმნა.